|
სხვადასხვა სახის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში განსაკუთრებული საჭიროებების პირთა, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ჩართვა წარმოადგენს მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის, უკეთესი ცხოვრების დაწყების შანსს, როგორც მორალური, ასევე მატერიალური თვალსაზრისით. ამავე დროს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ეს არის სოციალური და ინფორმაციული იზოლაციისაგან თავის დაღწევის საშუალება.
სამწუხაროდ, 2009 წლამდე პროფესიული ცენტრების საგანმანათლებლო პროგრამებში ასეთი კატეგორიის პირთა ჩართულობის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალი იყო. ამის მიზეზი ის კი არ იყო, რომ არ არსებობდა მსგავსი კატეგორიის ადამიანთა მხრიდან მოთხოვნა პროფესიულ მომზადებაზე, არამედ ის, რომ პროფესიული საგანმანათლებლო ცენტრები არ იყვნენ მზად მიეღოთ სტუდენტთა ეს კატეგორია. ამ პრობლემის გადაჭრა მოითხოვს, როგორც ადაპტირებული გარემოს შექმნას პროფესიულ საგანმანთლებლო დაწესებულებებში და სწავლების სპეციალური მეთოდიკის დანერგვას განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების სტუდენტებისათვის, ასევე მშობელთა, სტუდენტთა და მასწავლებელ/ინსტრუქტორთა მზაობას, რომ იმუშაონ ამ კატეგორიის სტუდენტებთან.
,,პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამის განსაკურებული საჭიროების მქონე პირთა სახელობო განათლების ქვეპროგრამის”, ფარგლებში პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის კოორდინაციით 14 პროფესიულ სწავლების ცენტრში სახელობო განათლების განსახორციელებლად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის შეიქმნა ადაპტირებული გარემო. კერძოდ, ცენტრების სასწავლო კორპუსსა და სახელოსნოებში შესასვლელ კიბეზე გაკეთდა პანდუსები, მოეწყო საპირფარეშოები. აღნიშნული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს პროფესიული სწავლების ცენტრების ამ კატეგორიის სტუდენტების მოზიდვას. |